რიგ შემთხვევებში უცხოელს შესაძლოა, უფლება მიეცეს პროფესიული საქმიანობა ბინადრობისა და შრომითი საქმიანობის ნებართვების გარეშე განახორციელოს - Palitra News

რიგ შემთხვევებში უცხოელს შესაძლოა, უფლება მიეცეს პროფესიული საქმიანობა ბინადრობისა და შრომითი საქმიანობის ნებართვების გარეშე განახორციელოს

2026-04-07 11:46:46+04:00

რიგ შემთხვევებში უცხოელს შესაძლოა, უფლება მიეცეს პროფესიული საქმიანობა ბინადრობისა და შრომითი საქმიანობის ნებართვების გარეშე განახორციელოს. აღნიშნული შესაძლებლობა მხოლოდ ისეთ შემთხვევებზე გავრცელდება, როდესაც შრომითი საქმიანობა დაკავშირებულია კონკრეტულ პროექტთან და ადგილობრივ ბაზარზე ხანგრძლივ დამკვიდრებას არ იწვევს.

ამასთან დაკავშირებით „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონს სპეციალური მუხლი ემატება. ინიციატივა „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს და ის პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

კანონის პროექტის თანახმად, უცხოელს უფლება ექნება საქართველოში განახორციელოს მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობა შრომითი საქმიანობის უფლებისა და შესაბამისი ბინადრობის ნებართვის გარეშე, თუ აღნიშნული საქმიანობა დროებითი ვიზიტის ფარგლებში ხორციელდება, არ წარმოადგენს ხანგრძლივ დასაქმებას ადგილობრივ შრომის ბაზარზე და დაკავშირებულია კონკრეტულ მოკლევადიან პროექტთან, ღონისძიებასთან ან მომსახურებასთან.

უცხოელის მიერ მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობების ჩამონათვალი, ხანგრძლივობა და მოკლევადიან პროფესიულ საქმიანობად მიჩნევის კრიტერიუმები საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.

მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის განმახორციელებელი უცხოელი საქართველოში შრომით იმიგრანტად ან თვითდასაქმებულ უცხოელად არ ჩაითვლება.

ამასთან, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონის იმ მუხლს, რომელიც ისეთ საქმიანობებს ითვალისწინებს, რომლებიც გათავისუფლებულია აღნიშნული კანონის მოთხოვნებისგან, შემდეგი სახის შრომითსამართლებრივი ურთიერთობები ემატება: - საქართველოს მთავრობის წევრის წერილობითი ინიციატივის საფუძველზე გაცემული მოქმედი სპეციალური ბინადრობის ნებართვის მქონე პირი; საჯარო დაწესებულების ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოში მუშაობა; ადგილობრივი დამსაქმებლის სასარგებლოდ საქმიანობა სხვა ქვეყნიდან დისტანციურად; შრომით საქმიანობას/მომსახურების გაწევა არარეზიდენტი პირის სასარგებლოდ რომელიც უკავშირდება საქართველოს ფარგლებს გარეთ საქმიანობის განხორციელებას; “ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონით განსაზღვრული პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის საწარმოში ხელმძღვანელობითი ან აუდიტის კომიტეტში შესაბამის საქმიანობა.

როგორც ინიციატორი დეპუტატები განმარტავენ, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო არ ითვალისწინებს დიფერენცირებულ მიდგომას შრომითი საქმიანობის ხანგრძლივობისა და სპეციფიკის მიხედვით, რაც ყველა ტიპის პროფესიულ აქტივობას სტანდარტულ საიმიგრაციო პროცედურებში აქცევს. მათივე ინფორმაციით, პრაქტიკულმა გამოწვევებმა აჩვენა, რომ იმ შემთხვევებში, როდესაც უცხოელი სპეციალისტის ვიზიტი მოკლევადიან ხასიათს ატარებს და დაკავშირებულია კონკრეტულ, ერთჯერად პროექტთან ან მომსახურებასთან, საერთო საიმიგრაციო ფილტრების გამოყენება ზედმეტ ადმინისტრაციულ ბარიერებს ქმნის.

„ასეთი მიდგომა ხშირად შეუსაბამოა გადაუდებელი პროფესიული ამოცანების შესრულების ვადებთან, რაც აფერხებს ეკონომიკურ და ოპერაციულ პროცესებს.

შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ამგვარი სამართლებრივი ურთიერთობების ბიუროკრატიული წნეხისგან გათავისუფლებისა და მათი ცალკე რეჟიმად გამოყოფის აუცილებლობა. ცვლილება მიზნად ისახავს ისეთი მექანიზმის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს მოკლევადიანი პროფესიული ვიზიტების სამართლებრივ ლეგალიზაციას ბინადრობის ნებართვის მიღების ვალდებულების გარეშე.

საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, შესაბამისი დეტალური კრიტერიუმების განსაზღვრის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს მთავრობას. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით რეგულირება უზრუნველყოფს სისტემის მეტ მოქნილობასა და ეფექტიანობას, რადგან საშუალებას იძლევა დროულად დაზუსტდეს საქმიანობის სახეები და ვადები ქვეყნის მიმდინარე საჭიროებების შესაბამისად, რაც საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს შრომითი მიგრაციის მართვის პროცესის ოპტიმიზაციას.

ამასთანავე, შრომითი ბაზრის დინამიკურობითა და იმ ადმინისტრაციული ბარიერების ოპტიმიზაციის აუცილებლობით, რაც ხშირ შემთხვევაში არაპროპორციულ ტვირთად აწვებოდა სამუშაო პროცესს, მიზანშეწონილი გახდა, რომ რიგი სპეციფიკური საქმიანობები“შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონის მოთხოვნებისგან გათავისუფლდეს. კერძოდ, ეს ეხება საჯარო დაწესებულებებსა და სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებას, აგრეთვე დისტანციური შრომის ისეთ ფორმებს, როგორიცაა ადგილობრივი დამსაქმებლის სასარგებლოდ სხვა ქვეყნიდან მუშაობა ან არარეზიდენტი პირისთვის საქართველოს ფარგლებს გარეთ მომსახურების გაწევა. გარდა ამისა, რეგულაციებისგან თავისუფლდება “ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონით განსაზღვრულ პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის საწარმოებში ხელმძღვანელობითი ან აუდიტის კომიტეტში საქმიანობა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის სექტორის ეფექტურ ფუნქციონირებას”, - ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.