განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი დაიხურა. შესაბამისი შუამდგომლობა სახელმწიფო ბრალდებამ დააყენა. მიზეზებზე საუბრისას პროკურორმა განმარტა, რომ პროცესზე გაჟღერდება ინფორმაციები, რომლებიც ეხება უკანონო „ქოლცენტრების" როგორც მფარველობის საკითხს და სხვადასხვა კორუფციულ დანაშაულს, ასევე შესაძლებელია, მოწმეებზე ზემოქმედება განხორციელდეს. აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. ლილუაშვილის ადვოკატის შეფასებით, პროკურატურა სხდომის დახურვით ცდილობს, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება მაქსიმალურად შეიზღუდოს.