სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს, კიდევ 6 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება. დაკავებულები უკავშირდებოდნენ ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს, მათ შორის ე.წ. „კანონიერ ქურდს“ მამუკა შუბითიძეს, რომელიც პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ე.წ. „ქურდული წესების“ შესაბამისად, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და სხვა კრიმინალური სახის დავებზე იღებდა გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდა. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.