საპარლამენტო უმრავლესობა „გრანტების შესახებ“ კანონში დაჩქარებული წესით შესატან ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეიდან განიხილავს. ახალი რედაქციის მიხედვით, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული გარკვეული თანხები გრანტის სტატუსს დაკარგავს. მმართველი პარტიის განმარტებით, შიდასახელმწიფოებრივი ტრანზაქციები გრანტად აღარ ჩაითვლება, თუმცა პოლიტიკური პროცესების წარმართვისკენ მიმართულ ფინანსებს ეს სტატუსი მაინც შეუნარჩუნდება. ოპოზიციაში აღნიშნულ ინიციატივას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ნაწილი ამას ხელისუფლების მხრიდან დათმობად აღიქვამს, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი უკან დახევას არ აპირებს. ოპონენტთა ძირითადი მოთხოვნა კანონის სრული გაუქმებაა.