თენგიზ შარმანაშვილი - მზად ვართ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ნაბიჯ-ნაბიჯ გავიაროთ ყველა ის საკითხი, რომელიც ხელს უშლის ჩვენი ურთიერთობების აღდგენას - ვინც არ უნდა იყოს, საქართველოს ინტერესების ხარჯზე, არავის არაფერს დავუთმობთ - Palitra News

თენგიზ შარმანაშვილი - მზად ვართ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ნაბიჯ-ნაბიჯ გავიაროთ ყველა ის საკითხი, რომელიც ხელს უშლის ჩვენი ურთიერთობების აღდგენას - ვინც არ უნდა იყოს, საქართველოს ინტერესების ხარჯზე, არავის არაფერს დავუთმობთ

2026-04-08 11:52:55+04:00

მზად ვართ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ნაბიჯ-ნაბიჯ გავიაროთ ყველა ის საკითხი, რომელიც ხელს უშლის ჩვენი ურთიერთობების აღდგენას - ვინც არ უნდა იყოს, საქართველოს ინტერესების ხარჯზე, არავის არაფერს დავუთმობთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული მხარის სურვილი აშშ-თან სტრატეგიული ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყებაა.

შარმანაშვილი ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია, როდის ეწვევა საქართველოს ამერიკის დელეგაცია.

„როდის ჩამოვლენ არ ვიცი. არც ის ვიცი, რა შემადგენლობაა. მიზანი არის, რაც რუბიომ თავის დროზე თქვა, რომ ძალიან ბევრი საქმე გაფუჭდა და ჩვენ ხელმეორედ უნდა შევისწავლოთ ყველა ის საკითხი, რომელიც ხელს უშლის ჩვენს ურთიერთობებს - ესაა მთავარი ამოცანა მათი მხრიდან და ჩვენ მზად ვართ. როცა ჩამოვლენ დეტალურად გავივლით ყველა საკითხს. ჩვენ მზად ვართ ნაბიჯ-ნაბიჯ გავიაროთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ყველა ის საკითხი, რომელიც ხელს უშლის ჩვენი ურთიერთობების აღდგენას. ჩვენ გვინდა ახალი ფურცლიდან დავიწყოთ სტრატეგიული ურთიერთობა, უფრო სერიოზულ სიღრმეებში წავიდეთ, გაწერილი იყოს ისე, რომ ყველა მხარის პასუხისმგებლობა და სურვილები იყოს გათვალისწინებული.

ჩვენ ზოგადად ვამბობთ, რომ ორმხრივი ურთიერთობის განმტკიცებისთვის ვართ მზად, ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებისთვისაც ვართ მზად, მაგრამ არც ერთი მხარე წინასწარ არ დაგიანონსებთ, რა ნაბიჯებს გადადგამს, რა დათმობაზე წავა და არ წავა. მთავარი ერთია, რაც იქნება ურყევი - ვინც არ უნდა მოგვთხოვოს, რასთანაც არ უნდა გვქონდეს საქმე, ვინც არ უნდა იყოს, საქართველოს ინტერესების ხარჯზე, არავის არაფერს დავუთმობთ," - განაცხადა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განცხადებით, აპრილში ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში ჩამოვა ჯგუფი, რომელიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს შეისწავლის.როგორც მახაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამერიკულ მხარესთან თითოეული შეხვედრით საქართველოს ხელისუფლება ურთიერთობის აღდგენას ცდილობს.