ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ღირებულება 25%-ზე მეტით შემცირდა, რის შედეგადაც სამშენებლო პროცესი უახლოეს დღეებში აქტიურად განახლდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, პროექტთან დაკავშირებული ხელშეკრულებების, მათ შორის ზედამხედველ კომპანიასთან გაფორმებული შეთანხმების გადახედვის შედეგად, ხარჯები 52-ი მილიონი დოლარით შემცირდა. კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს ცვლილება სახელმწიფო ხარჯების ოპტიმიზაციის პროცესის ნაწილია, რომელიც ბოლო თვეებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტზე განხორციელდა.
პრემიერის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნავსადგურის დაღრმავებისა და ტალღამტეხის მოწყობის მიმართულებებს, სადაც თავდაპირველი ფინანსური პარამეტრები მნიშვნელოვნად დაკორექტირდა.
მთავრობის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მომავალშიც ხარჯეფექტიანობის პრინციპით გაგრძელდება, რაც მინიმალური საბიუჯეტო დანახარჯებით მაქსიმალური შედეგის მიღწევას გულისხმობს.
ირაკლი კობახიძემ ეკონომიკის სამინისტროს გუნდს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათმა მუშაობამ ბიუჯეტს ათობით მილიონი დოლარი დაუზოგა.