საქართველოს პროკურატურამ „ქურდული სამყაროსთან“ დაკავშირებულ დანაშაულებზე მასშტაბური საქმე გახსნა და ბრალდება 50 პირს წარუდგინა - Palitra News

საქართველოს პროკურატურამ „ქურდული სამყაროსთან“ დაკავშირებულ დანაშაულებზე მასშტაბური საქმე გახსნა და ბრალდება 50 პირს წარუდგინა

2026-04-08 12:30:34+04:00

საქართველოს პროკურატურამ „ქურდული სამყაროსთან“ დაკავშირებულ დანაშაულებზე მასშტაბური საქმე გახსნა და ბრალდება 50 პირს წარუდგინა, მათ შორის „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და მისი საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები აქტიურად იყვნენ ჩართულნი კრიმინალური სუბკულტურის საქმიანობაში, აღიარებდნენ ე.წ. „ქურდულ სამყაროს“ და მჭიდრო კავშირი ჰქონდათ „კანონიერ ქურდებთან“. მათი მონაწილეობით სისტემატურად იმართებოდა ე.წ. „ქურდული გარჩევები“, სადაც სხვადასხვა ტიპის დავები განიხილებოდა და გადაწყვეტილებები არაოფიციალური წესებით მიიღებოდა.

სამართალდამცველების ცნობით, მიღებული გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მონაწილეებს ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით ან ჯანმრთელობის დაზიანებით, რაც კრიმინალური გავლენის გაძლიერებას და ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურებოდა.

ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 44 პირი უკვე დაკავებულია, ხოლო 6 პირს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა.

ბრალდებულებს წარდგენილი აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით გათვალისწინებული ბრალი, რაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს, ხოლო ერთ-ერთი ბრალდებული ქალის შემთხვევაში გირაოს გამოყენებას ითხოვს, გამოძიებასთან თანამშრომლობის გათვალისწინებით.