შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფურად განხორციელებული თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ყაზახეთის რესპუბლიკის 9 მოქალაქე დააკავა.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარ შეიმუშავეს დანაშაულებრივი გეგმა და 2004 წელს დაბადებულ ყაზახეთის მოქალაქეს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. მათ დაზარალებულს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და 30 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.
სამართალდამცველებმა ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულები ცხელ კვალზე, დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს და სასჯელის სახედ 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.