პროკურორ ანი ლეკიაშვილის განცხადებით, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს 3 მილიონ ლარამდე ღირებულების ქონება ჩამოერთმევა.
როგორც პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე პირველი ინსტანციის სასამართლოში საპროცესო შეთანხმების გაფორმება გამოირიცხა.
„დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის დადგომა ვლადიმერ ღუდუშაურის გარდა სხვა ბრალდებულების მიმართ, როგორც ჯუანშერ ბურჭულაძის, ისე ვასილ მხეიძის და გიორგი ხაინდრავას მიმართ.ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოშია ამ საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე ეს გადაწყვეტილება აღარ შეიცვლება. ბრალდების მხარე ითხოვს მათ მიმართ ბრალად წარდგენილ ქმედებაში გამტყუნებას და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. ვლადიმერ ღუდუშაურთან მიმართებით ბრალდების მხარემ საპროცესო შეთანხმება წარადგინა, რომლის შუამდგომლობაც შემდეგ პროცესზე განიხილება. რაც შეეხება ჩამორთმეულ ქონებას, საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, განსაზღვრულია, რომ როდესაც უკანონო ან დაუსაბუთებელი ქონება არსებობს საქმეში, რომელიც გამოყენებული იქნა, მათ შორის ფულის გათეთრების და უკანონოდ დაუსაბუთებელი ქონების ლეგალიზების მიზნით, უნდა ჩამოერთვას ეს ქონება ბრალდებულს. შესაბამისად, ბრალდების მხარე მოითხოვს ჯუანშერ ბურჭულაძის მხოლოდ იმ ქონების ჩამორთმევას, რაც ეხება კონკრეტულად ამ გარემოებებს, ეს არის ნუშის ბაღების სახლი და მათ შორის, ესპანეთში შეძენილი ქონება“,- განაცხადა პროკურორმა, ანი ლეკიაშვილმა.
ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. ბრალის მიხედვით, ჯუანშერ ბურჭულაძემ 2023 წელს მისი მოადგილის, ნათესავისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2 606 272 ლარის ნაცვლად, 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც, სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
ასევე, 2025 წლის მარტში, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544 000 ევროდ ქონება შეიძინეს. აღნიშნულის წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მათ მესამე პირთან დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქციური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს.
რაც შეეხებათ, ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას, მათ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას.
მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ვლადიმერ ღუდუშაური გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.