პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რომელიც საქართველოში მოქმედ საელჩოებს, საკონსულოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს ეხება, პირველი მოსმენით განიხილავს. ახალი რედაქციის მიხედვით, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული გარკვეული თანხები გრანტის სტატუსს დაკარგავს. მმართველი პარტიის განმარტებით, შიდასახელმწიფოებრივი ტრანზაქციები გრანტად აღარ ჩაითვლება, თუმცა პოლიტიკური პროცესების წარმართვისკენ მიმართულ ფინანსებს ეს სტატუსი მაინც შეუნარჩუნდება. ოპოზიციაში ინიციატივას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ნაწილი ამას ხელისუფლების მხრიდან დათმობად აღიქვამს, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი უკან დახევას არ აპირებს. ოპონენტთა ძირითადი მოთხოვნა კანონის სრული გაუქმებაა.