მოქალაქეთა ნაწილმა ღამე 9 აპრილის მემორიალთან გაათენა - Palitra News

მოქალაქეთა ნაწილმა ღამე 9 აპრილის მემორიალთან გაათენა

2026-04-09 09:02:43+04:00

საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა და აქტივისტებმა 9 აპრილის მემორიალთან ღამე გაათენეს.

დილიდან კი 9 აპრილის მემორიალთან მოქალაქეები დაღუპული გმირებისადმი პატივის მისაგებად მიდიან, მათ შორის 9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი.

მოქალაქეები დღის განმავლობაში სხვადასხვა ადგილიდან გეგმავენ სამოქალაქო მსვლელობებს. 20:00 საათზე კი 9 აპრილის მემორიალთან შეიკრიბებიან.

ცნობისთვის, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.