ნორდიკული და ბალტიისპირეთის ქვეყნების ელჩებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს - Palitra News

ნორდიკული და ბალტიისპირეთის ქვეყნების ელჩებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

2026-04-09 10:05:54+04:00

ნორდიკული და ბალტიისპირეთის ქვეყნების ელჩებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. „დღეს ნორდიკული და ბალტიისპირეთის ქვეყნების საელჩოებმა ყვავილებით შეამკეს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების მსხვერპლთა მემორიალი, როდესაც თბილისში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალადობრივად დაარბიეს. დანია საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას მტკიცედ უჭერს მხარს“, - წერს საქართველოში დანიის ელჩი, ანე ტოფტ სორენსენი X-ზე.

ცნობისთვის, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.