ირანის დელეგაცია აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის პაკისტანში დღეს ჩავა, - ინფორმაციას პაკისტანში ირანის ელჩი, რეზა ამირი მოგადამი ავრცელებს.
„მიუხედავად იმისა, რომ ირანის საზოგადოება სკეპტიკურად არის განწყობილი ისრაელის რეჟიმის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განმეორებითი დარღვევების გამო, ირანის დელეგაცია დღეს საღამოს ისლამაბადში სერიოზული მოლაპარაკებებისთვის ჩადის, რომელიც ირანის მიერ შეთავაზებულ 10 პუნქტზე იქნება დაფუძნებული“, - წერს პაკისტანში ირანის ელჩი X-ზე.
ცნობისთვის, გუშინ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები პაკისტანის დედაქალაქში შაბათს გაიმართება.
ლევიტის ცნობით, აშშ-ის დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უხელმძღვანელებს, ხოლო მასთან ერთად დელეგაციის შემადგენლობაში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი იქნებიან.