9 აპრილის მემორიალთან გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი მივიდა. დიპლომატმა საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
გერმანიის ელჩის მემორიალთან მისვლის დროს, ადგილზე მყოფი მოქალაქეების მხრიდან ისმოდა შეძახილები, „მადლობა, მადლობა“.
„ეს დღე საქართველოსთვის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ნიშნავს.
აქ 1989 წლის 9 აპრილის მოვლენები ბერლინის კედლის დაცემამდე ნახევარი წლით ადრე მოხდა. ამიტომ, ეს აკავშირებს საქართველოსა და გერმანიას, ასევე, მსოფლიოს ყველა იმ ხალხს, რომელიც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვის“, - განაცხადა ფიშერმა.
ფიშერმა საქართველოს შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს არ უპასუხა.
„აქ იმისთვის ვარ, რომ 9 აპრილის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მივაგო. მე აქ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ვარ“, - უპასუხა ელჩმა ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, მანამდე მემორიალთან სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, მათ შორის, ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი.
გარდა ამისა, 9 აპრილის მემორიალთან, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.