მსოფლიო ბანკმა საქართველოს მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0,5 პუნქტით, 5%-მდე შეამცირა. ასეთია აპრილის განახლებით გამოქვეყნებული მაჩვენებელი, მაშინ როცა წინა შეფასებით მოსალოდნელი იყო 5.5%-იანი ზრდა. საქართველოს მეზობელი ქვეყნების მონაცემებსაც თუ გადავხედავთ, მიმდინარე წელს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელია სომხეთში, სადაც მსოფლიო ბანკმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.3%-მდე გაზარდა. იანვრის რედაქციით მსოფლიო ბანკი სომხეთის ეკონომიკის 4.9%-იან ზრდას ელოდებოდა. ამავე მონაცემების მიხედვით, 2026 წელს თურქეთის ეკონომიკა 2.8%-ით გაიზრდება, აზერბაიჯანის - 2%-ით, ხოლო რუსეთის - 0.8%-ით. „2025 წელს სომხეთსა და საქართველოში კვლავ ძლიერი ეკონომიკური ზრდა შენარჩუნდა, რასაც ხელი შეუწყო კერძო მოხმარებამ, სამშენებლო აქტივობამ და რეექსპორტმა.
სომხეთში ეკონომიკური ზრდა 2024 წლის 5.9%-დან 2025 წელს 7.2%-მდე გაიზარდა, რაც განპირობებული იყო მოხმარებისა და ინვესტიციების, სამშენებლო სექტორის ძლიერი ზრდითა და ტურიზმის აღდგენით.
აზერბაიჯანში, უფრო მკაცრი ფისკალური პოლიტიკისა და ნავთობის წარმოების მკვეთრი შემცირების ფონზე, საინვესტიციო ხარჯების ნორმალიზებამ 2025 წელს ზრდა 1.4%-მდე შეამცირა, რაც თითქმის სამჯერ ნაკლებია 2024 წელთან შედარებით“, - ნათქვამია მსოფლიო ბანკის ანგარიშში. აღსანიშნავია ასევე 2027 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც, რომლის თანახმადაც საქართველოში ეკონომიკა 5.5%-მდე; სომხეთში - 5.1-მდე; თურქეთში - 3.7%-მდე; აზერბაიჯანში - 1.8%-მდე; ხოლო რუსეთში - 0.7%-მდე გაიზრდება.