საპენსიო დანაზოგებმა 8.8 მლრდ ლარს გადააჭარბა - Palitra News

საპენსიო დანაზოგებმა 8.8 მლრდ ლარს გადააჭარბა

2026-04-09 13:41:24+04:00

საპენსიო დანაზოგებმა 8.8 მლრდ ლარს გადააჭარბა. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა საპენსიო ფონდის პორტფელების შემოსავლიანობა შეამცირა, თუმცა მდგრადობის შენარჩუნება შესაძლებელი გახდა. საქართველოს საპენსიო ფონდმა 31 მარტის მდგომარეობით არსებული მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ფონდის აქტივებმა 8.8 მილიარდ ლარს, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.4 მილიარდ ლარს გადააჭარბა. „მარტში საპენსიო ფონდის პორტფელების შემოსავლიანობაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია გლობალურ ბაზრებზე გაზრდილმა არასტაბილურობამ, რაც ირანში ომის ესკალაციას უკავშირდება. გასული თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასები, ხოლო აქციების ბაზარზე ინვესტორების სენტიმენტების გაუარესების ფონზე ფასების კორექცია დაფიქსირდა. აღნიშნული დინამიკა პირდაპირ აისახა საპენსიო ფონდის პორტფელების მომგებიანობაზე. მიუხედავად გაზრდილი მერყეობისა, საპენსიო ფონდის საინვესტიციო პორტფელებმა საერთო ჯამში მდგრადობა შეინარჩუნა, რაც მნიშვნელოვანწილად განპირობებული იყო ადგილობრივი აქტივის კლასების სტაბილური შემოსავლიანობით. მარტის თვის მონაცემებით, კონსერვატიულმა პორტფელმა შედარებით მცირე, -0.39%-ი კლება აჩვენა, სადაც აქციების პორტფელის წილი ნაკლებია, დაბალანსებული პორტფელის ამონაგები 1,85%-ით შემცირდა, ხოლო დინამიკური 3.08 პროცენტით. მერყეობის მიუხედავად სამივე პორტფელი წლის დასაწყისიდან დღემდე დადებით შემოსავლიანობას ინარჩუნებს, ამასთან პორტფელების შექმნიდან დღემდე გაწლიურებული ამონაგები 11%-13%-მდე მერყეობს, დინამიკური პორტფელი კი ლიდერობას ინარჩუნებს“, - აღნიშნულია საპენსიო ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.