საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, სააღდგომო ეპისტოლე იქნება და „სავარაუდოდ, მოსაყდრის ეპისტოლე იქნება“.
ამასთან, მისივე თქმით, სინოდის მომდევნო სხდომის თარიღი ჯერ არ დაზუსტებულა.
„არა, არ დაზუსტებულა, მაგრამ 24-ის [აპრილი] ახლო რიცხვები იქნება, ალბათ“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
ის ასევე გამოეხმაურა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბას ქადაგებას, სადაც მან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიერ ცხრა წლის წინ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ მეუფე შიო მუჯირის გამოცხადებასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ვინც იცნობს მეუფე საბას, მას არ გაუკვირდება, რომ მისი სიტყვა არის მკაფიო, მისი სიტყვა არის ფაქტებსა და სიმართლეზე დაფუძნებული“.
„მე არ მინდა შეფასებებში შევიდე, იმიტომ, რომ ასეთი დღეებია და ყურადღება გვაქვს ლოცვაზე, მსახურებაზე, ერთობაზე. ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მღვდელმთავრებს შესაძლოა ჰქონდეთ სხვადასხვა დამოკიდებულება და სხვადასხვა მოსაზრება, მთლიანობაში, მთლიანი მიზანი, ყველაზე მთავარი რაც არის, რომ მშვიდობით და სიყვარულით იქნას მიყვანილი ბოლომდე ახალი პატრიარქის გამორჩევა, ეს აუცილებლად იქნება ერთსულოვნებით და სიყვარულით შენარჩუნებული. ასე რომ, სხვადასხვა აზრი იქნება გამოთქმული, თუმცა მთავარი მაინც ის არის, რომ ერთობაზე ყველას აქვს ძალიან დიდი მონდომება“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.