საპატრიარქოს მხრიდან პატიმრების შესაძლო გათავისუფლების საკითხის კვლავ დღის წესრიგში დაყენებამ, განსხვავებული შეფასებები გამოიწვია. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ეკლესია არ გამორიცხავს საკითხის ხელისუფლებასთან კიდევ ერთხელ განხილვას. მისი თქმით, ეს ჰუმანიტარული მნიშვნელობის საკითხია, ვინაიდან პატიმრები საზოგადოების წევრები არიან და მათი ოჯახის წევრები ხშირად ეკლესიის მრევლსაც მიეკუთვნებიან. ჯაღმაიძე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე საპატრიარქო შიდა კონსულტაციებს მართავს, თუმცა თემაზე მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება. აქციების დროს დაკავებულთა მშობლები აცხადებენ, რომ პროცესზე რეალური გავლენა ეკლესიას არ აქვს და საბოლოო გადაწყვეტილება სრულად პრემიერ-მინისტრზე, ირაკლი კობახიძეზეა დამოკიდებული.
მშობლების შეფასებით, საკითხის გააქტიურება შესაძლოა პოლიტიკური ზეწოლისა და მანიპულაციის მექანიზმად იქცეს.