ომის შესწავლის ინსტიტუტი - ირანი ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლაზე კონტროლის შესანარჩუნებლად ნაბიჯებს დგამს - Palitra News

ომის შესწავლის ინსტიტუტი - ირანი ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლაზე კონტროლის შესანარჩუნებლად ნაბიჯებს დგამს

2026-04-10 10:32:11+04:00

ირანი ნაბიჯებს დგამს ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის კონტროლის შესანარჩუნებლად, რათა აშშ-ზე ზეწოლა მოახდინოს, - ამის შესახებ ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) აცხადებს.

ორგანიზაციის განმარტებით, ირანის მოქმედებების შედეგად, ნავთობის ფასები მაღალი დარჩება, ამიტომ ირანი აშშ-თან მომავალ მოლაპარაკებებში დათმობების მოპოვების მეტი ბერკეტით ჩაერთვება.

ომის შესწავლის ინსტიტუტის ცნობით, ირანის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ქვეყანა სრუტეზე გავლის უფლებას ერთ დღეში 15-ზე მეტ გემს არ მისცემს, მაშინ, როცა ომამდე, სრუტეში დღეში 140-მდე გემი გადიოდა.

ირანის პორტებისა და საზღვაო ტრანსპორტის ორგანიზაციამ 8 აპრილს გამოაქვეყნა გრაფიკა, რომელშიც გემებს ავალებენ, რომ სრუტეში გასვლისთვის განსაზღვრული შესვლისა და გასვლის მარშრუტები ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) საზღვაო ძალებთან კოორდინაციით დაიცვან. The Guardian-ი წერს, რომ ამ მარშრუტებს საერთაშორისო საზღვაო მიმოსვლა ირანის მიერ კონტროლირებად წყლებში გადაჰყავს. გრაფიკაში აღნიშნულია, რომ გემებს ამ მარშრუტების მიღმა ნაღმებზე აფეთქება ემუქრებათ.