ოკუპირებულ აფხაზეთში 4 წლის გოგონას, გაბრიელა ლახინას გარდაცვალების საქმეზე მისი დეიდა დააკავეს, - ინფორმაციას გამოცემა „ეხო-კავკაზა“ ე.წ. გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოძიების ვერსიის თანახმად, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა კრისტინა ლახინამ არასრულწლოვანს მძიმე ფიზიკური დაზიანება განზრახ მიაყენა. დანაშაული ჩადენილი იყო განსაკუთრებული სისასტიკითა და ძალადობით იმ პირის მიმართ, რომელიც აშკარად უმწეო მდგომარეობაში იმყოფებოდა.
დაკავებულს 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
სისხლის სამართლის საქმე გულრიფშის რაიონული პროკურატურიდან გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტს გადაეცა.
სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გოგონა საავადმყოფოში დეიდამ მიიყვანა.