დღეს მართლმადიდებლური ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. დიდი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღედ ითვლება და ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება. ეკლესიური სწავლების მიხედვით, მაცხოვარმა ადამიანთა ცოდვების გამოსასყიდად თავი მსხვერპლად შესწირა.
ღვთისმსახურებისას სრულდება სამეუფო ჟამნი, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება. ამ წუთებში კი აღევლინება სერობა, რომელიც ქრისტეს გარდამოხსნასა და დასაფლავებას ეძღვნება, რადგან გადმოცემით სწორედ ამ დროს მიიცვალა მაცხოვარი ჯვარზე.
მსახურებამდე ტაძრის შუაგულში მზადდება ყვავილებით შემკული „საფლავი“, ხოლო საკურთხეველში დასვენდება გარდამოხსნა - ქსოვილი, რომელზეც ქრისტეა გამოსახული. მსახურების შემდეგ მორწმუნეები დიდ მეტანიას ასრულებენ და გარდამოხსნას ემთხვევიან. იგი ტაძარში სამი დღის განმავლობაში რჩება, რაც ქრისტეს საფლავში ყოფნის სიმბოლოდ ითვლება.