12-13 აპრილს თბილისის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება - Palitra News

12-13 აპრილს თბილისის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

2026-04-11 18:57:04+04:00

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 12 და 13 აპრილს, საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარედ, უნივერსიტეტის ქუჩაზე გადაადგილება ცალმხრივად იქნება შესაძლებელი - სატრანსპორტო საშუალებები ახალი გვირაბიდან თამარაშვილის გამზირის მიმართულებით იმოძრავებენ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, უნივერსიტეტის ქუჩაზე გამომსვლელი ქუჩებიდან ავტომანქანები გადაადგილებას თამარაშვილის გამზირის მიმართულებით შეძლებენ.

ასევე, უწყების ინფორმაციით, კუკიის სასაფლაოს მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობა იქნება ცალმხრივი. გადაადგილება შესაძლებელი იქნება შემდეგ ქუჩებზე: ჩიტაიას (საბჭოს) მოედანი, მამარდაშვილის ქუჩა, ნორიოს აღმართი, ცაიშის ქუჩა, მახათას აღმართი. ჩამოსვლა შესაძლებელი იქნება ხუდადოვის ქუჩით ცოტნე დადიანის ქუჩის მიმართულებით.