პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულების მიზნით მაღალი დონის მოლაპარაკებები დაიწყო. პროცესში მონაწილეობენ აშშ-ის, ირანისა და პაკისტანის წარმომადგენლები, რაც რეგიონული დაძაბულობის შემცირების მცდელობად განიხილება.
ამერიკულ დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი წარმოადგენენ. ირანის მხრიდან შეხვედრაში პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამედ ბაღერ ყალიბაფი და საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაყჩი მონაწილეობენ, მასპინძელი მხარე კი პაკისტანის სამხედრო ხელმძღვანელობით არის წარმოდგენილი.
მოლაპარაკებების დაწყება წინასწარი კონტაქტების დროს მიღწეულ პროგრესს და ლიბანში სამხედრო დაძაბულობის ნაწილობრივ შემცირებას მოჰყვა. ისრაელი პროცესში უშუალოდ არ მონაწილეობს, თუმცა ლიბანთან დიალოგზე თანხმობა გამოთქვა.
მოლაპარაკებების მთავარ თემებს შორისაა ჰორმუზის სრუტის გახსნა, ირანისთვის ზარალის ანაზღაურება, გაყინული აქტივების დაბრუნება და ბირთვული პროგრამის საკითხი. ეს შეხვედრა აშშ-სა და ირანს შორის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ დონეზე გამართულ დიალოგად ითვლება 1979 წლის შემდეგ და შესაძლოა, 2015 წლის შემდეგ პირველი პირდაპირი კონტაქტიც გახდეს.