სალომე სამადაშვილი - ევროპა გაძლიერდა, რუსეთი დასუსტდა, მყისირად ეს არ შეცვლის ჩვენთვის რეალობას, მთავარია, ევროპულ პოლიტიკურ სივრცეში "გადალაგება" მოხდა, ჩვენთვის სასარგებლოდ - სტრატეგიულად საქართველომაც წინ გადადგა ნაბიჯი - Palitra News

სალომე სამადაშვილი - ევროპა გაძლიერდა, რუსეთი დასუსტდა, მყისირად ეს არ შეცვლის ჩვენთვის რეალობას, მთავარია, ევროპულ პოლიტიკურ სივრცეში "გადალაგება" მოხდა, ჩვენთვის სასარგებლოდ - სტრატეგიულად საქართველომაც წინ გადადგა ნაბიჯი

2026-04-13 08:26:00+04:00

ორბანმა უბრალოდ კი არ წააგო არჩევნები, არამედ მისმა მმართველობამ სრული სისტემური კრახი განიცადა. უნგრელმა ხალხმა ახალ ხელისუფლებას მისცა ის მანდატი, რომელიც ქვეყნის სისტემურ რეფორმას სჭირდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ " ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სამადაშვილის თქმით, უნგრეთში პარტია "ტისას" გამარჯვებით, გაიზარდა შანსი, რომ ევროკავშირის დღის წესრიგში ისევ "აქტიური გახდება რეჟიმის" სანქცირების თემა, საქართველო კი, შეინარჩუნებს იმ სიკეთეებს, რაც მოიპოვა, მაგალითად, უვიზო მიმოსვლის სახით.

"ორბანის (რუსების) მოგონილმა ვითომ იდეოლოგიამ, ე.წ. მემარჯვენე, სუვერენული 'კონსერვატივიზმის' სახით, (სინამდვილეში რუსებზე დიდი ფულის სანაცვლოდ მომუშავე პოლიტიკოსების იდეოლოგიურმა საფარმა) ასევე დიდი კრახი განიცადა. მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთი ევროპის წამყვანი სახელმწიფო არანაირი კრიტერიუმით არ ყოფილა, ამ იდეოლოგიის შექმნაში სწორედ ორბანი თამაშობდა ცენტრალურ როლს. ორბანთან ერთად სუსტდება ძალიან საშიში, რუსების მიერ მოგონილი იდეოლოგიური ხაზი, რომელიც ევროპის განადგურებას ისახავდა მიზნად. ცენტრი ძლიერდება, ევროპა იქნება ძლიერი სანამ ცენტრისტული ძალები დომინირებენ მის პოლიტიკას.

საქართველოს რაც შეეხება. ორბანი ევროკავშირის სანქციებს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სისტემატიურად ბლოკავდა. ივანიშვილის მთავარი საყრდენის ჩამოშლა შეცვლის რეალობას. შესაბამისად, იმედია, დღის წესრიგში აღარ დადგება უვიზო რეჟიმის შეჩერება საქართველოს მოქალაქეებისთვის, რადგან ევროკავშირი უფრო ქმედითი გახდება ივანიშვილის რეჟიმის სანქცირების თვალსაზრისით. ვინც არ იცის, განვუმარტავ, რომ ივანიშვილის რეჟიმის სანქცირებაზე ვეტოს უფლება გააჩნია ევროკავშირის ნებისმიერ წევრ ქვეყანას. უვიზო მომისვლის გაუქმებას კი, ვერ დაბლოკავს მხოლოდ ერთი ქვეყანა. ორბანი ამით სარგებლობდა, ბლოკავდა ივანიშვილის სანქცირებას და ამით ზრდიდა საფრთხეს, რომ უვიზო რეჟიმი შეეჩერებინათ. ანუ, გაიზარდა შანსი, რომ ევროკავშირის დღის წესრიგში ისევ აქტიური გახდება რეჟიმის სანქცირების თემა, საქართველო კი, შეინარჩუნებს იმ სიკეთეებს, რაც მოვიპოვეთ, მაგალითად ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის სახით.

და ბოლოს, ევროპა გაძლიერდა, რუსეთი დასუსტდა-მყისირად ეს არ შეცვლის ჩვენთვის რეალობას, მთავარია, რომ ევროპულ პოლიტიკურ სივრცეში 'გადალაგება' მოხდა, ჩვენთვის სასარგებლოდ. სტრატეგიულად დღეს საქართველომაც წინ გადადგა ნაბიჯი და ეს მნიშვნელოვანია", - წერს სამადაშვილი.