შინაგან საქმეთა სამინისტრო ნიკა გვარამიას მიერ 26 მაისის აქციასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებას აკეთებს - Palitra News

შინაგან საქმეთა სამინისტრო ნიკა გვარამიას მიერ 26 მაისის აქციასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებას აკეთებს

2026-05-24 13:16:51+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს "ოპოზიციური ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც 26 მაისს დაგეგმილ აქციას უკავშირდება. უწყების თქმით, განცხადება, რითაც ინიციატორებმა შსს-ს მიმართეს, არ იყო შესაბამისობაში კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, მათ შორის არ იყო მითითებული შეკრება/მანიფესტაციის მიზანი, დასრულების დრო, მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის ფორმა. რაც შეეხება თბილისის მერიას - უწყების განმარტებით, სატრანსპორტო ნაკადების გადაადგილების დამატებით შეფერხების თავიდან აცილების თვალსაზრისით დაუშვებელია ტრანსპორტის სავალ ნაწილზე რაიმე სახის კონსტრუქციის, მათ შორის სცენის, მოწყობა. ცნობისთვის, ოპოზიციური ალიანის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, სახელისუფლებო უწყებებმა „ოპოზიციურ ალიანსს“ 26 მაისს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე კონსტრუქციების განთავსებაზე უარი უთხრა, რაც მისი შეფასებით სამართლიან არგუმენტებს არ ეფუძნება. ალიანსის ლიდერების თქმით, 26 მაისს ხალხმრავალი აქციის გამართვას ხელს ვერაფერი შეუშლის.