ლიკვიდირებულია პირი, რომელმაც თეთრი სახლის მახლობლად უსაფრთხოების საკონტროლო-გამშვებ პუნქტს ცეცხლი გაუხსნა. საიდუმლო სამსახურმა საპასუხო სროლით თავდამსხმელი დაჭრა, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაიჭრა გამვლელიც, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაშია. თავდამსხმელი 21 წლის ნასირ ბესტია, რომელსაც თეთრ სახლთან ინციდენტები მანამდეც ჰქონდა. „როიტერის“ ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ემოციურად არასტაბილურ პირად იყო მიჩნეული, რის გამოც მანამდე მის წინააღმდეგ „მიახლოების აკრძალვის“ ბრძანება იყო გაცემული. როგორც აშშ-ის საიდუმლო სამსახურში აცხადებენ, სამართალდამცველებს შორის არავინ დაშავებულა. დონალდ ტრამპმა სამართალდამცავებს სწრაფი რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა.