რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი მზადაა ირანთან შეთანხმების განხორციელების ფაზაში ყველანაირი მხარდაჭერის გასაწევად - Palitra News

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი მზადაა ირანთან შეთანხმების განხორციელების ფაზაში ყველანაირი მხარდაჭერის გასაწევად

2026-05-24 14:22:27+04:00

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება.

მათივე ინფორმაციით, საუბარში ასევე მონაწილეობდნენ: ბაჰრეინის მეფე ჰამად ბინ ისა ალ ხალიფა, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი შეიხ მოჰამედ ბინ

ზაიდ ალ ნაჰიანი, კატარის ემირი შეიხი თამიმ ბინ ჰამად ალ ტანი, ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფატაჰ ალ-სისი, საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი, იორდანიის მეფე აბდულა II, პაკისტანის არმიის შტაბის უფროსი, ფელდმარშალი სეიდ ასიმ მუნირი და აშშ-ის კაბინეტის წევრები.

„სატელეფონო საუბრისას, რომელიც ირანსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს შეეხო, პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ყოველთვის ემხრობა პრობლემების დიალოგისა და დიპლომატიის გზით მოგვარებას, რომ ჩვენ მივესალმებით ირანთან დიპლომატიურ პროცესს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის, ტრამპის მიერ ნახსენებ დონეს აღწევს და რომ ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფის შესახებ შეთანხმება ხელს შეუწყობს რეგიონში სტაბილურობას და გლობალურ ეკონომიკას. პრეზიდენტმა ერდოღანმა მადლობა გადაუხადა მოლაპარაკებებში მონაწილე ქვეყნებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტაციის ცნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი მზადაა ირანთან პოტენციური შეთანხმების განხორციელების ფაზაში ყველანაირი მხარდაჭერის გასაწევად.

„აღნიშნა რა, რომ თურქეთი მზადაა ირანთან პოტენციური შეთანხმების განხორციელების ფაზაში ყველანაირი მხარდაჭერის გასაწევად, პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზი გაუსვა თურქეთის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია რეგიონში მშვიდობის დამყარებისკენ და გამოთქვა რწმენა, რომ ამ პროცესის განმავლობაში შესაძლებელია ირანის კონტექსტში სადავო საკითხებისთვის, მათ შორის ბირთვული საკითხისთვის, შესაბამისი გადაწყვეტილებების პოვნა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთი ახალი ეპოქისკენ ისწრაფვის, რომელშიც რეგიონის ქვეყნები ერთმანეთს საფრთხეს არ შეუქმნიან და რომ სამართლიან მშვიდობას წაგებულები არ ეყოლება.