პირადად მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია, ეს ერთ-ერთი [განსახილველი] საკითხი იყოს, ჩვენ ამაზე გვისაუბრია ილია მეორის სიცოცხლეში, მოსაყდრესაც უსაუბრია, მღვდელმთავრებსაც უსაუბრიათ. ეს საუბრები გრძელდება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შედეგს ვიხილავთ, - ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა აქციების დროს დაკავებულთა შესაძლო გათავისუფლების საკითხზე, კითხვების საპასუხოდ განაცხადა.
მეუფეს თქმით, საჭიროა ქვეყანაში დაპირისპირება დასრულდეს, ეს კი მხარეებს შორის ურთიერთპატივისცემით მიიღწევა.
„წმინდა სინოდის კრების მოწვევა კათოლიკოს-პატრიარქის, შიო მესამის პრეროგატივა არის, მას კი ამის შესახებ ჯერ ჩვენთვის არაფერი არ უთქვამს, ამიტომ ჯერჯერობით ვერაფერს მოგახსენებთ.
პირადად მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია, ეს ერთ-ერთი [განსახილველი] საკითხი იყოს, თუმცა, ისევ და ისევ ვიმეორებ, რომ ეს პატრიარქის პრეროგატივა არის. ჩვენ ამაზე გვისაუბრია ილია მეორის სიცოცხლეში, მოსაყდრესაც უსაუბრია, მღვდელმთავრებსაც უსაუბრიათ. ეს საუბრები გრძელდება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შედეგს ვიხილავთ.
ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში ურთიერთდაპირისპირება დასრულდეს და მშვიდობა და ერთსულოვნება აღდგეს. ამისთვის ორივე მხრიდან ურთიერთპატივისცემაა საჭირო და, ჩემი აზრით, ეს პატივისცემა გახდება საწინდარი. არა შეურაცხყოფა, არა უპატივცემულობა, მე მგონი, ეს არის საწინდარი და ეს ჩემი პირადი აზრია”, - განუცხადა მეუფე დანიელმა “ტვ პირველს”.