საქართველო დადგა რეალური რისკის წინაშე, დაკარგოს ისტორიული როლი და რეგიონის ახალმა მთავარმა სატრანზიტო გზამ მას სრულად აუაროს გვერდი - დემოკრატიულმა ძალებმა და ქართველმა ერმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მივაღწიოთ ამ ბოროტმოქმედი რეჟიმის დასრულებას, რომელმაც საქართველო გადააქცია იზოლაციაში მყოფ ნაცრისფერ, პრორუსულ წუმპედ, რომელსაც არავითარი პერსპექტივა და საერთაშორისო პოლიტიკური პრესტიჟი აღარ დარჩა,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ სომხეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობის ქარტიას.
მისივე თქმით, მაშინ, როდესაც სომხეთმა მოიპოვა 9 მილიარდიანი თავდაცვისუნარიანობის პაკეტი და ახალი მსხვილი ინვესტორების წყალობით ქმნის ათობით ათასს ახალ სამუშაო ადგილს, „პრორუსული რეჟიმი ანგრევს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ პერსპექტივას, უარესად აღარიბებს ისედაც ღარიბ ერს“.
„გუშინ, ერევანში, ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიას აშშ-სა და სომხეთს შორის. ცოტა ხნის წინ, ჩვენ ვიყავით პირველი და ერთადერთი სახელმწიფო რეგიონში, რომელსაც ჰქონდა სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. დღეს, ჩვენ ვართ ერთადერთი სახელმწიფო რეგიონში, რომელსაც არ აქვს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რადგანაც „ქართული ოცნების“ ანტიქართული პოლიტიკის გამო საქართველომ დაკარგა ეს უმნიშვნელოვანესი ბერკეტი. მაშინ, როდესაც ერევანსა და ბაქოს ეწვია აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი, ახლა კი ერევანს სახელმწიფო მდივანი ეწვია, ცოტა ხნის წინ კი სრულიად ევროპული კავშირის მმართველი ელიტა, ასეთ ვითარებაში საქართველო მოქცეულია საერთაშორისო იზოლაციაში.
მაშინ, როდესაც სომხეთმა მოიპოვა 9 მილიარდიანი თავდაცვისუნარიანობის პაკეტი და ახალი მსხვილი ინვესტორების წყალობით ქმნის ათობით ათას ახალ სამუშაო ადგილს, პრორუსული რეჟიმი ანგრევს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ პერსპექტივას, უარესად აღარიბებს ისედაც ღარიბ ერს.
საქართველო დადგა რეალური რისკის წინაშე, დაკარგოს ისტორიული როლი და რეგიონის ახალმა მთავარმა სატრანზიტო გზამ მას სრულად აუაროს გვერდი. „ქართული ოცნების“ რეჟიმმა წლების წინ, მიზანმიმართულად ჩაძირა ანაკლიის პორტის პროექტი, რითაც აზარალა „შუა დერეფნის“ პერსპექტივა და ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური და ეკონომიკური შანსები. ახლაც, „ქართული ოცნების“ რეჟიმი ატყუებს ქართულ საზოგადოებას და პარტნიორებს, როდესაც ამბობს, რომ მისი მიზანია ანაკლიის აშენება. პუტინით შეშინებული ივანიშვილის მიზანია, საქართველოში არ მოხდეს არაფერი დიდი, მნიშვნელოვანი პატრიოტული და ქართული.
ამერიკას სურს, რომ ტრამპის სახელობის გზაში მონაწილეობდეს არა ორი, არამედ რეგიონის სამივე სახელმწიფო. ეს არის ის, რასაც ამბობს „ლელო-ძლიერი საქართველო“.
ანაკლია უნდა გამოცხადდეს ეროვნული მნიშვნელობის სტრატეგიულ ობიექტად;
ანაკლია უნდა გახდეს მშვიდობისა და კეთილდღეობის გზის ნაწილი;
გამჭვირვალე კონტრაქტების საფუძველზე უნდა აშენდეს, ამერიკული და ევროპული კაპიტალის კრიტიკული ჩართულობით;
ამასობაში, ჩვენ, დემოკრატიულმა ძალებმა და ქართველმა ერმა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა მივაღწიოთ ამ ბოროტმოქმედი რეჟიმის დასრულებას, რომელმაც საქართველო გადააქცია იზოლაციაში მყოფ ნაცრისფერ, პრორუსულ წუმპედ, რომელსაც არავითარი პერსპექტივა და საერთაშორისო პოლიტიკური პრესტიჟი აღარ დარჩა“,- განაცხადა გეგელიამ.
შეგახსენებთ, სომხეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობის ქარტიას. მხარეებმა ასევე ხელი მოაწერეს TRIPP (ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის) პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის ჩარჩო შეთანხმებას და მინერალების მოპოვებისა და გადამუშავების ჩარჩო მემორანდუმს. ხელმოწერის ცერემონია ერევნის ზვართნოცის აეროპორტში გაიმართა.