4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე ბრალდებულ 8 პირს საპროცესო შეთანხმება დღეს გაუფორმდება - ისინი სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდებიან - Palitra News

4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე ბრალდებულ 8 პირს საპროცესო შეთანხმება დღეს გაუფორმდება - ისინი სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდებიან

2026-06-09 08:47:04+04:00

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულ 8 პირს - ევა შანშიაშვილს, ალექსანდრე გოგოლაძეს, გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გენადი კელიხაშვილს და დათო ღუწკაიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება.

დღეს, ყველა მათგანი სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდება, გარდა ევა შანშიაშვილისა, ვინაიდან ის გირაოს სანაცვლოდ ისედაც თავისუფლებაში იმყოფება.

მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ უნდა დაამტკიცოს.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 14:30 საათზეა დანიშნული.

რვავე პირს საპროცესო შეთანხმება 3-წლიანი პირობითი მსჯავრით უფორმდება.

აღნიშნულ პირებს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებაზე მას შემდეგ დათანხმდა, რაც მათ ბრალი აღიარეს და მტკიცებულებები უდაო გახადეს.

აღნიშნულ ეპიზოდს 15 ბრალდებული ჰყავდა, თუმცა, 7-მა მათგანმა - ექიმმა გიორგი ჩახუნაშვილმა, ია დარახველიძემ, ზაქრო ალბუთაშვილმა, დავით ჟღენტმა, კონსტანტინე კოკაიამ, კახაბერ მჟავანაძემ და დავით სტურუამ ბრალი არ აღიარეს. შესაბამისად, მათ საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმდათ, რის გამოც, აღნიშნული ბრალდებულების საქმის განხილვას მოსამართლე გიორგი გელაშვილი გააგრძელებს.

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულებს - ევა შანშიაშვილს, ალექსანდრე გოგოლაძეს, გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გენადი კელიხაშვილს და დათო ღურწკაიას

ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით ჰქონდათ წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთო ჯამში სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 64 პირი მიეცა. ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმება 21 პირს უფორმდება.