მაკა ბოჭორიშვილი - შეხვედრა, რომელსაც ითვალისწინებს ევროკავშირის რეგულაცია, გაიმართება სამუშაო დონეზე და ქართული მხარის მოლოდინია, რომ იქნება კონსტრუქციული - Palitra News

მაკა ბოჭორიშვილი - შეხვედრა, რომელსაც ითვალისწინებს ევროკავშირის რეგულაცია, გაიმართება სამუშაო დონეზე და ქართული მხარის მოლოდინია, რომ იქნება კონსტრუქციული

2026-06-09 09:55:16+04:00

ჩვენ მოველით, რომ შეხვედრა იქნება კონსტრუქციული, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ინტერესი. სწორედ ამიტომ იღებს ქართული მხარე შეხვედრაში მონაწილეობას, რომ კონსტრუქციულად განვიხილოთ ის გზები, თუ როგორ უნდა აღმოიფხვრას ის წინაპირობები, რაც იქნა გამოყენებული ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ასამოქმედებლად. დაველოდოთ 11 ივნისს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, 11 ივნისს დაგეგმილი შეხვედრა ევროკავშირის რეგულაციით არის გათვალისწინებული.

„ეს არის რეგულაციით გათვალისწინებული შეხვედრა, რასაც ითვალისწინებს თავად ევროკავშირის რეგულაცია. იმ შემთხვევაში, როდესაც ევროკავშირის გადაწყვეტილებით ამოქმედდება ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი, ევროპული მხარე ვალდებულია ასეთი დიალოგი წამოიწყოს მესამე ქვეყანასთან, ამ შემთხვევაში საქართველოსთან, და იყოს მსჯელობა, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით ურთიერთობები. ეს არის პირველი შეხვედრა, რომელიც გაიმართება 11 ივნისს," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი განცხადებით, ევროპული მხრიდან ამ ინფორმაციის გაჟღერებას მოჰყვა არასწორი ინტერპრეტაციები და საკითხის პოლიტიკური შანტაჟისთვის გამოყენების მცდელობები.

„სამწუხაროდ, თავად ევროკავშირის მხრიდან, ევროპული მხრიდან ეს ინფორმაცია უცნაურად იქნა გაჟღერებული, რასაც მოჰყვა არასწორი ინტერპრეტაციები და კომუნიკაციები. ჩვენ ვნახეთ სხვადასხვა პოლიტიკოსის, აქტივისტების განცხადებები, რომლებიც ცდილობენ, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი ისევ და ისევ გამოიყენონ შანტაჟისთვის, ჩვენს მოქალაქეებში გააჩინონ შიში, თითქოს ვიზალიბერალიზაციას საქართველოს მოქალაქეებისთვის ემუქრება საფრთხე და ერთგვარად ასეც „მონათლეს“ ეს შეხვედრა“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, შეხვედრა, რომელსაც ითვალისწინებს ევროკავშირის რეგულაცია, გაიმართება სამუშაო დონეზე და ქართული მხარის მოლოდინია, რომ იქნება კონსტრუქციული. ამასთან მინისტრმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ თემაზე სპეკულაციები მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს.

„შეხვედრა არის ტექნიკური, გაიმართება სამუშაო დონეზე. ეს არის ის, რასაც ითვალისწინებს ევროკავშირის რეგულაცია. ჩვენ მოველით, რომ შეხვედრა იქნება კონსტრუქციული, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ინტერესი. სწორედ ამიტომ იღებს ქართული მხარე შეხვედრაში მონაწილეობას, რომ კონსტრუქციულად განვიხილოთ ის გზები, თუ როგორ უნდა აღმოიფხვრას ის წინაპირობები, რაც იქნა გამოყენებული ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ასამოქმედებლად. დაველოდოთ 11 ივნისს. ჩვენ გვექნება მეტის თქმის შესაძლებლობა თავად შეხვედრის შემდგომ. მანამდე უბრალოდ კარგი იქნებოდა, თუკი პოლიტიკოსები და სხვა აქტორებიც თავს შეიკავებდნენ ამ თემაზე სპეკულაციებისგან, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს," - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამასთან, მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა ევროპარლამენტის ანგარიშზე.

„ჩვენ ვნახეთ არაერთი რეზოლუცია. ახლაც ევროპარლამენტი განიხილავს მორიგ ანგარიშს საქართველოს შესახებ. ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა თვალი გვედევნებინა იმ პროცესისთვის, თუ როგორ მიმდინარეობდა ევროპარლამენტში ამ ანგარიშზე მუშაობა. სამწუხაროა, რომ არც ერთი შესწორება, რომელიც მიზნად ისახავდა დოკუმენტის გაჯანსაღებას, სიმართლესთან დაახლოებას, არ იქნა გათვალისწინებული, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს არის პროცესი, რომელსაც იყენებენ გარკვეული ძალები მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ საქართველოში შექმნან რაღაც დღის წესრიგი, რაც ნაკლებად გამოსდით, მაგრამ აზიანებენ მაქსიმალურად ევროკავშირის იმიჯს, პირველ რიგში და ევროკავშირის სახეს. იმდენი არასწორი ინფორმაცია წერია ამ რეზოლუციებში, იმდენად არის დეზინფორმაციული, რომ უბრალოდ შეუძლებელია სერიოზულად მათი აღქმა“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.