უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და გერმანია უკრაინას ანტიბალისტიკური შესაძლებლობების გაძლიერებაში დაეხმარებიან.
„E3-ის ქვეყნები დაგვეხმარებიან ანტიბალისტიკური შესაძლებლობების კუთხით. სხვათა შორის, იმედი მაქვს, რომ გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად შევძლებთ ევროპული ანტიბალისტიკური სისტემის შემუშავებას. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. ეს ჩვენ გვჭირდება და გაერთიანებულ სამეფოსაც სჭირდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ Guardian-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გამკაცრდეს.
ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გარემოცვის ნაწილს ომის დასრულება სურს, ნაწილს კი - გაგრძელება.
„პუტინის გარშემო სხვადასხვა ადამიანია. მათგან ნახევარს ამ ომის გაგრძელება სურს, მეორე ნახევარს კი მისი შეჩერება. ბიზნესმენებს ესმით, რომ რუსეთის ეკონომიკა საშინელ მდგომარეობაშია. თუ დასავლეთის ქვეყნები - ევროპა, კანადა და აშშ - არ მოხსნიან სანქციებს, მოახდენენ ზეწოლას რუსეთის ჩრდილოვან ფლოტზე და სხვა სექტორებზე და უკრაინა ბრძოლის ველზე ძლიერო დარჩება, მაშინ ჩვენ უფრო ახლოს ვიქნებით მშვიდობასთან“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მან რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩთან გამართული შეხვედრაც ახსენა და განაცხადა : „მე ვუთხარი ამ ბიზნესმენს, რომელიც დიპლომატიური მოლაპარაკებების პოტენციური ჩარჩოს შესახებ შეტყობინების გადასაცემად მოვიდა, რომ თავიდანვე მზად ვიყავით სასაუბროდ. ჩვენ არ გვინდოდა ეს ომი და გვინდა მისი შეჩერება“.
ამასთან, ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა მზად არის დიალოგისთვის, მაგრამ საკუთარ ტერიტორიას არ დათმობს.
„გუშინ ჟურნალისტებს ვუთხარი, რომ ანკორიჯში რუსეთმა და აშშ-მ გადაწყვიტეს უკრაინაზე უკრაინის გარეშე ესაუბრათ. ეს შეცდომა იყო, განსაკუთრებით ამერიკისთვის, რადგან პუტინმა აშშ-ს პოზიციები შეასუსტა. ვფიქრობ, ის აშშ-ს პრეზიდენტს ატყუებდა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ სასაუბროდ, მაგრამ ჩვენს ტერიტორიას არ დავთმობთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სხვა ქვეყნებზე რუსეთის პოლიტიკური გავლენა მცირდება.
„რუსეთის პოლიტიკური გავლენა სხვა ქვეყნებზე მცირდება. აზერბაიჯანი - ისინი დამოუკიდებლები არიან. სომხეთი - გუშინდელი არჩევნები სომხეთის დამოუკიდებლობისთვის დიდი წარმატება გახდა. ასევე ვფიქრობ, რომ რუსებმა მოლდოვა დაკარგეს. რა თქმა უნდა, მათ არ სურთ უკრაინის დაკარგვა, რადგან დამოუკიდებელი და თავისუფალი უკრაინა რუსეთისთვის ყველაზე დიდი და პოლიტიკურად ყველაზე საშიში ქვეყანაა. როდესაც უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანდება, პუტინს სხვადასხვა ხალხთან, განსაკუთრებით კავკასიაში, შიდა პრობლემები ექნება. რუსეთში სხვადასხვა ხალხები კითხვებს დასვამენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.