საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით საქართველო-ჩინეთის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის, რაც გულისხმობს ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობას.
როგორც კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შესაბამის შეთანხმებას დღეს მოეწერა ხელი.
„ჩინეთთან ურთიერთობა არის ის საკითხი, რომელიც საგანგებო სამთავრობო ბრიფინგსაც იმსახურებს. დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, იცით, რომ დაახლოებით სამი წლის წინ ჩვენ გვქონდა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება საქართველოსა და ჩინეთს შორის და ახლა უკვე გადავდივართ შემდეგ ეტაპზე, ეს არის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპი. ამ სამმა წელიწადმა ძალიან ბევრი რამ მოიტანა ორმხრივი ურთიერთობებისთვის. ძალიან გაღრმავდა ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები, რაც კონკრეტულ ქმედებებშიც იყო გამოხატული, მათ შორის, იცით, რომ უვიზო მიმოსვლა დაწესდა, გვაქვს პირდაპირი ფრენები, ემატება ახალი ფრენები წელს, რაც უზრუნველყოფს მეტ მობილობას საქართველოსა და ჩინეთს შორის და ასევე, სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით გვაქვს ძალიან კონკრეტული ხელშესახები შედეგები. ეს მოიტანა სამი წლის წინ გაფორმებულმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებამ და ახლა გადავდივართ უკვე ახალ ეტაპზე, ეს არის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპი, რაც კიდევ უფრო მეტ შედეგებს მოგვიტანს ქართულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელსაც დღეს მოეწერა ხელი.“- განაცხადა კობახიძემ.