საქართველოს პროკურატურამ მკვლელობის მცდელობის და პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
მათი ცნობით, დადგინდა, რომ 7 ივნისს, თბილისში, ბრალდებულმა დაზარალებულს დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. შემთხვევის ადგილზე მისული შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორები მის შეჩერებას და მისი ქმედებების აღკვეთას ცდილობდნენ, რა დროსაც ბრალდებულმა ერთ-ერთ პატრულ-ინსპექტორს დანით დაზიანებები მიაყენა.
„დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.