საავტომობილო გზების მიმდებარე ზოლებში შეუთანხმებელი ან შეთანხმების პირობების დარღვევით წარმოებული სამშენებლო საქმიანობისთვის პასუხისმგებლობის ზომები მკაცრდება - Palitra News

საავტომობილო გზების მიმდებარე ზოლებში შეუთანხმებელი ან შეთანხმების პირობების დარღვევით წარმოებული სამშენებლო საქმიანობისთვის პასუხისმგებლობის ზომები მკაცრდება

2026-06-09 12:11:02+04:00

საავტომობილო გზების მიმდებარე ზოლებში შეუთანხმებელი ან შეთანხმების პირობების დარღვევით წარმოებული სამშენებლო საქმიანობისთვის პასუხისმგებლობის ზომები მკაცრდება. საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანების შემთხვევაში კი, უფრო მკაცრი ჯარიმის შემოღება იგეგმება.

ამ და სხვა ცვლილებებს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მოამზადა, ხოლო პარლამენტს განსახილველად მთავრობამ წარუდგინა.

დამჯარიმებელ ორგანოდ საავტომობილო გზების დეპარტამენტი განისაზღვრება. კერძოდ, დეპარტამენტი უფლებამოსილი ხდება განიხილოს სამართალდარღვევათა საქმეები, დააკისროს ადმინისტრაციული სახდელი და გასცეს სააღსრულებო ფურცელი ისეთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, როგორიცაა - გზის საფარის გაჭუჭყიანების, გზის სავალ ნაწილზე, ტროტუარზე ან გვერდულაზე სამშენებლო ან სხვა მასალის დაყრა, რაც ჩადენილია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მართვაში არსებულ საავტომობილო გზაზე ან მის შემადგენელ ნაწილზე.

წესდება ახალი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შეუთანხმებლად ან შეთანხმების პირობების დარღვევით, მის მართვაში არსებულ საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონებში ნებისმიერი სამშენებლო საქმიანობის განხორციელებაზე. პირველ ეტაპზე აღნიშნული გამოიწვევს ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის გაფრთხილებას. იმავდროულად, საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი სამართალდამრღვევს გაფრთხილებისთანავე აძლევს მითითებას და განუსაზღვრავს ვადას - არაუმეტეს 1 თვისა შეუთანხმებელი ან შეთანხმების პირობების დარღვევით განხორციელებული სამშენებლო საქმიანობის, ნაგებობის განთავსების შეწყვეტასთან ან/და პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანასთან/დემონტაჟთან დაკავშირებით. აღნიშნული მითითების შეუსრულებლობა დადგენილ ვადაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას - 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 2 000 ლარის ოდენობით. კიდევ უფრო მკაცრია პასუხისმგებლობა, როდესაც მას უკვე ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირი ჩაიდენს. აღნიშნული გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას - 1 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 6 000 ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, ცალკე პასუხისმგებლობა წესდება იმ შემთხვევაში, როდესაც ქმედებას შედეგად საავტომობილო გზის ან/და მისი შემადგენელი ნაწილის დაზიანება მოჰყვა. პირველ ჯერზე მსგავსი ქმედება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას - 1 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 50 000 ლარის ოდენობით, ხოლო ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას - 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას - 100 000 ლარის ოდენობით.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი უფლებამოსილი ხდება სამართალდამრღვევისთვის განსაზღვრული ვადის გასვლისთანავე დაიწყოს შეუთანხმებლად ან შეთანხმების პირობების დარღვევით განხორციელებული სამშენებლო საქმიანობის, ნაგებობის განთავსების შედეგის დემონტაჟის პროცედურები შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლის თანდასწრებით და საჭიროების შემთხვევაში, აღდგენითი/სარეაბილიტაციო სამუშაოები. შეუთანხმებელი ან შეთანხმების პირობების დარღვევით განხორციელებული სამშენებლო საქმიანობიდან, ნაგებობის განთავსებიდან, გამომდინარე ზიანის ანაზღაურება (მათ შორის, აღდგენითი/სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება) ან/და დემონტაჟის ხარჯები (ზიანი) დაეკისრება შენობა-ნაგებობის ან/და სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან მოსარგებლეს − თუ ვერ დგინდება მშენებლობის განმახორციელებელი/ნაგებობის განთავსების განმახორციელებელი პირი.

საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.