რატომღაც ჩვენმა ძვირფასმა ოპოზიციამ ჩათვალა, რომ თავიანთ უცხოელ მფარველებთან ერთად ფსონი ვიზალიბერალიზაციის თემაზე დადონ - როგორც ჩანს, სხვა ხავსი, რასაც შეიძლება მოეჭიდონ, აღარ არის! მინდა, მათ იმედები გავუცრუო, ვინაიდან სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი არაფერზე არ იცვლება, - ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა გააკეთა.
მახაშვილის აზრით, „ვიზალიბერალიზაციის საკითხით პოლიტიკური ჟონგლიორობა გრძელდება“.
„საქართველო თავის ნაკისრ ვალდებულებებს კეთილსინდისიერად ასრულებს. არც ევროკავშირი და არც მისი მოქალაქეები საქართველოდან რაიმე საფრთხეს არ უნდა ელოდონ - იქნება ეს უკანონო მიგრაცია, დანაშაულში მონაწილეობა თუ ასე შემდეგ. ამ მხრივ, საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა, მათ შორის, პატივცემულო დეპუტატებო, თქვენი მხარდაჭერითაც, ვინაიდან წელს და გასულ წელს ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი კანონები მივიღეთ, რომელიც მიგრაციის სისტემის გამართულად ფუნქციონირებას უკავშირდება.
11 ივნისს, ბრიუსელში დაგეგმილია საკმაოდ საინტერესო ტექნიკური ხასიათის შეხვედრა, სადაც ჩვენს უწყებებს შესაძლებლობა ექნებათ ბრიუსელს პირისპირ გადასცენ კონკრეტული მტკიცებულებები სწორედ ამ სისტემის გამართულად ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. აი, სწორედ აქ და სავიზო დიალოგის შემდეგ რამდენიმე შეხვედრაზე გამოჩნდება ბრიუსელი გულწრფელად არის დაინტერესებული, რომ საკითხების სიღრმეებში ჩავიდეს, თუ უნდა, რომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებამდე რამდენიმე ტექნიკური სპექტაკლი მოაწყოს.
ყოველ შემთხვევაში საქართველო მოწადინებულია და საკითხს სრული სერიოზულობით ეკიდება. ჩვენ რა თქმა უნდა შევეცდებით, რომ რადიკალური ოპოზიციისგან განსხვავებით, რომელიც ამ თემებით ჟონგლიორობს, პოლიტიზებული საკითხები კონსტრუქციულ და საქმიანი განხილვის სფეროში გადმოვიტანოთ“, - განაცხადა მახაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მან დღევანდელ სესიაზე განცხადება დიპლომატების მისამართითაც გააკეთა. როგორც აღნიშნა, „გასული ერთი-ორი კვირის განმავლობაში ზოგიერთი ვითომ ელჩის მხრიდან სრულიად აღმაშფოთებელი განცხადებები და ქმედებები ვიხილეთ“.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ელჩს, რომელიც თავის დიპლომატიურ საქმიანობას კეთილსინდისიერად და წესიერად ასრულებს. მინდა მათ ვუთხრა, რომ ამ ადამიანებს და მათ ქვეყნებს საქართველოს სახით გულწრფელი პარტნიორი ჰყავთ, თუმცა ამ კეთილსინდისიერი დიპლომატებისგან მინდა გავმიჯნო ადამიანები, რომლებიც დიპლომატის საფარქვეშ ფარულ, ვიწრო დღის წესრიგს ატარებენ. მათ რატომღაც ჩათვალეს, რომ საქართველოს ისტორია, იდენტობის სიღრმეები, ქართველების ხასიათი, ნაბრძოლი, ნაფიქრი, ნაშრომი, ტკივილი თუ სიხარული იციან. ჩათვალეს, რომ თავისი ყალიბით უნდა ჭრან და კერონ და გადაარჩინოთ ქვეყანა. მინდა მათ მივმართო: - მეგობრებო, თქვენი არც შესაჭრელი, არც შესაკერი და გადასარჩენი საქართველოს არაფერი არ სჭირს. ერთადერთი რითაც თქვენ შეგიძლიათ საუკეთესო სამსახური გაუწიოთ საქართველოს, თუკი ამის ინტერესი გაქვთ, არის ის, რომ ამ ქვეყანას მშვიდობიანი, ნორმალური და სტაბილური განვითარება აცადოთ“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.