ჩვენი ეროვნული ამოცანაა, რომ საქართველო ლიდერი ქვეყანა იყოს და ეს ამერიკის ინტერესებისთვის კი არ უნდა მოხდეს, არამედ ეს არის ჩვენს ეროვნულ ინტერესში, რომ საქართველო თავდაცვითი და ეკონომიკური მიმართულებით ლიდერი იყოს, TRIPP(ტრამპის მარშრუტის პროექტი) - ის კონკრეტულ პროექტში, - ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი პარტია დგას ნიადაგზე, რომელიც ბუნებრივად ეწინააღმდეგება ეროვნულ ინტერესებს და ამ შემთხვევაში ამერიკისა და დასავლეთის ინტერესსაც.
„ჩვენი ეროვნული ამოცანაა, რომ საქართველო ლიდერი ქვეყანა იყოს და ეს ამერიკის ინტერესებისთვის კი არ უნდა მოხდეს, არამედ ეს არის ჩვენს ეროვნულ ინტერესში, რომ საქართველო თავდაცვითი და ეკონომიკური მიმართულებით ლიდერი იყოს, TRIPP-ის კონკრეტულ პროექტში. თუმცა, ამას სჭირდება რეჟიმი, რომელიც არ მოქმედებს საქართველოს, დასავლეთისა და ამერიკის ინტერესების წინააღმდეგ. ამიტომ, დეკორატიული ნაბიჯები და რიტორიკის მცირე ცვლილება ამას ვერ შეცვლის, ამით არ მოტყუვდებიან ჩვენი პარტნიორები და არც ჩვენი საზოგადოება უნდა მოტყუვდეს, რასაც წლების განმავლობაში ახერხებდა რეჟიმი, თავისი ბუნდოვანებით, როცა რეალურად ანტიქართულ და ანტიდასავლურ საქმეს აკეთებდა. ამიტომ ცვლილება ფუნდამენტური უნდა იყოს, თუმცა ასეთი ცვლილების რესურსი რეჟიმსა და ივანიშვილს არ გააჩნია, რადგან ისეთ ნიადაგზე დგას, რომელიც ბუნებრივად ეწინააღმდეგება ჩვენ ეროვნულ ინტერესებს და ამ შემთხვევაში ამერიკისა და დასავლეთის ინტერესებსაც.
რა ჰქვია იმ რეჟიმს, რომელიც საკუთარ ქვეყანაში ისეთ ქსელებს ახალისებს, არა მარტო იმ ქვეყნის, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია, არამედ ისეთი ქვეყნის, რომლის რელიგიური ფანატიკოსების ქსელი, რომელიც ღიად აცხადებს, რომ ლოიალურია არა საქართველოს სახელმწიფოსა და კონსტიტუციის მიმართ, არამედ არის ირანის რეჟიმის მიმართ“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.