გიგა ფარულავა - თქვენ, ვინც დღეს სახელმწიფოს მართავთ, ფაქტობრივად, ბრძოლა საკუთარ ხალხს გამოუცხადეთ - „ოცნების“ ნაბიჯები შემთხვევითი შეცდომები არ არის, ეს არის გაცნობიერებული პოლიტიკა, რომლის ერთადერთი მიზანი ძალაუფლების შენარჩუნებაა - Palitra News

გიგა ფარულავა - თქვენ, ვინც დღეს სახელმწიფოს მართავთ, ფაქტობრივად, ბრძოლა საკუთარ ხალხს გამოუცხადეთ - „ოცნების“ ნაბიჯები შემთხვევითი შეცდომები არ არის, ეს არის გაცნობიერებული პოლიტიკა, რომლის ერთადერთი მიზანი ძალაუფლების შენარჩუნებაა

2026-06-09 13:23:16+04:00

თქვენ, ვინც დღეს სახელმწიფოს მართავთ, ფაქტობრივად, ბრძოლა საკუთარ ხალხს გამოუცხადეთ. „ოცნების“ ნაბიჯები, რეპრესიული კანონები, მოქალაქეების დევნა, ძალადობა და ქვეყნის ევროპული გზის შეჩერება შემთხვევითი შეცდომები არ არის. ეს არის გაცნობიერებული პოლიტიკა, რომლის ერთადერთი მიზანი ძალაუფლების შენარჩუნებაა ნებისმიერ ფასად,- ამის შესახებ ფრაქცია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ გიგა ფარულავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, პროცესები, რომლებიც ბოლო წლებში ქვეყანაში მიმდინარეობს, დიდი ხანია გასცდა ჩვეულებრივი პოლიტიკური დაპირისპირების ფარგლებს.

„თქვენ სახელმწიფო ინსტიტუტებს, მათ შორის, პარლამენტს იყენებთ ინსტრუმენტად, რომლითაც არა მოქალაქეების პრობლემებს აგვარებთ, არამედ ებრძვით მათ. მივყვეთ ფაქტებს. ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის მიღება არასოდეს ემსახურებოდა გამჭვირვალობას. მისი მიზანი თავიდანვე იყო დამოუკიდებელი სამოქალაქო სექტორისა და კრიტიკული აზრის დისკრედიტაცია და ჩახშობა. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები პირდაპირი შეტევაა დამოუკიდებელ მედიაზე, რათა საზოგადოებამ ნაკლები ინფორმაცია მიიღოს და ნაკლები კითხვა დასვას. „გრანტების შესახებ“ კანონით კი ნებისმიერი კრიტიკული აზრი და საზოგადოებრივი აქტივობა უცხო ინტერესების მსახურებად გამოაცხადეთ. რეალურად, თავისუფალი აზრის დასჯა გადაწყვიტეთ. შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კანონებში შეტანილი ცვლილებებით გაამკაცრეთ მშვიდობიანი პროტესტი და სასჯელის საფუძვლად აქციეთ. 60 დღემდე გაზარდეთ ადმინისტრაციული პატიმრობა და დააწესეთ უზარმაზარი ჯარიმები მხოლოდ იმიტომ, რომ მოქალაქეები საკუთარ კრიტიკულ პოზიციას საჯაროდ გამოხატავენ. საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით კი კიდევ ერთხელ აჩვენეთ, რამდენად გეშინიათ საკუთარი ხალხის. ასი ათასობით ემიგრანტს არჩევნებში სრულფასოვან მონაწილეობას უზღუდავთ. დღეს სახელმწიფომ უარი თქვა თავის მთავარ მოვალეობაზე, დაიცვას მოქალაქე და თავად იქცა ძალადობის წყაროდ. ახალგაზრდების დარბევა, ჟურნალისტებზე თავდასხმები, აქტივისტების ცემა და დაშინება შემთხვევითი არ არის. ეს არის შიშზე აგებული მმართველობის მეთოდი. როდესაც სახელმწიფო მოძალადეს არ სჯის, ის თავად ახალისებს ძალადობას. ამის მაგალითები არაერთხელ ვნახეთ, მათ შორის გორშიც, სადაც პოლიციელების მხრიდან მოქალაქეზე ძალადობის მძიმე ფაქტი დაფიქსირდა. ამ ყველაფერს უკვე აქვს შედეგი. საქართველო კარგავს საერთაშორისო ნდობას, იღებს მწვავე კრიტიკას პარტნიორებისგან, იზრდება პოლიტიკური იზოლაცია და ზიანდება ქვეყნის საერთაშორისო პოზიციები. იზოლირებული საქართველო კი ნიშნავს ნაკლებ უსაფრთხოებას, ნაკლებ მხარდაჭერას და მეტ საფრთხეს ოკუპაციის პირობებში. ნუ დაარქმევთ ამ ყველაფერს სუვერენიტეტის დაცვას. სუვერენიტეტი არ ნიშნავს მეგობრების დაკარგვას, დემოკრატიის ნგრევას და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ბრძოლას. დღეს საქართველოში ძალაუფლების რეალური ბალანსი აღარ არსებობს. სასამართლო, პარლამენტი და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტები სულ უფრო მეტად ერთი პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებს ემსახურება. დღეს სასწორზე არ დევს რომელიმე პარტიის რეიტინგი. სასწორზე დევს საქართველოს მომავალი, მისი საერთაშორისო რეპუტაცია, დემოკრატიული განვითარება. მაგრამ ერთი რამ უნდა იცოდეთ: ვერც ერთი რეპრესიული კანონი, ვერც ძალადობა და ვერც დაშინება ვერ გატეხს ქართველი ხალხის ნებას, საქართველოს მომავალი იყოს თავისუფალი, ევროპული და დემოკრატიული. ეს არის არჩევანი, რომელიც დიდი ხანია ქართველმა ხალხმა გააკეთა.“- განაცხადა გიგა ფარულავამ.