კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმებაზე - თვეების განმავლობაში გაჩაღებული ჰქონდათ კამპანია სახელმწიფო გადატრიალებასთან და რევოლუციის მოწყობასთან დაკავშირებით - აღიარებენ, რომ ეს იყო ძალადობა და ადგილი ჰქონდა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს - Palitra News

კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმებაზე - თვეების განმავლობაში გაჩაღებული ჰქონდათ კამპანია სახელმწიფო გადატრიალებასთან და რევოლუციის მოწყობასთან დაკავშირებით - აღიარებენ, რომ ეს იყო ძალადობა და ადგილი ჰქონდა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს

2026-06-09 13:30:10+04:00

თვეების განმავლობაში გაჩაღებული ჰქონდათ კამპანია, სახელმწიფო გადატრიალებასთან და რევოლუციის მოწყობასთან დაკავშირებით - ისინი აღიარებენ, რომ ეს იყო ძალადობა და ადგილი ჰქონდა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს,- ასე აფასებს თბილისის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ბრალდებულებსა და პროკურატურას შორის დადებულ საპროცესო შეთანხმებას.

მისი თქმით, 4 ოქტომბრამდე გაჩაღებული ჰქონდათ კამპანია „სახელმწიფო გადატრიალებასთან და რევოლუციის მოწყობასთან დაკავშირებით, რომელიც მხოლოდ განცხადებების დონეზე არ დარჩა“.

„ყველამ ნათლად დავინახეთ, თუ რა პროცესები მიმდინარეობდა. თვეების განმავლობაში გაჩაღებული ჰქონდათ კამპანია, სახელმწიფო გადატრიალებასთან და რევოლუციის მოწყობასთან დაკავშირებით. ამაზე ღიად საუბრობდნენ, სატელევიზიო ეთერებში მოწოდებებს აკეთებდნენ და არეკლამებდნენ და ეს მხოლოდ განცხადებების დონეზე არ დარჩა, შემდეგ კონკრეტული ნაბიჯებიც გადადგეს, დაიწყეს მოქმედება. შესაბამისმა სამსახურებმა დროულად იმოქმედეს, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა აღკვეთეს და კონკრეტული პირები დააკავეს. ისინი აღიარებენ, რომ ეს იყო ძალადობა და ადგილი ჰქონდა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს. საზოგადოებამაც იხილა აღნიშნული კადრები და ისედაც ყველაფერი ცხადია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთო ჯამში სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 64 პირი მიეცა. ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმება 21 პირს უფორმდება.