საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებულ საქმეზე სამართლებრივ დავას აგრძელებს.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ მსგავსი პრაქტიკა კანონმდებლობით მკაფიოდ არ არის რეგულირებული, რაც მის კანონიერებასთან დაკავშირებით სერიოზულ კითხვებს აჩენს.
ორგანიზაცია გენერალური პროკურატურისგან სრულფასოვან გამოძიებას, პასუხისმგებელი პირების გამოვლენასა და ყველა ეპიზოდის შესწავლას მოითხოვს. საია ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ სხვადასხვა ოფიციალური უწყების განცხადებებს შორის კვლავ რჩება პასუხგაუცემელი კითხვები.
მათივე განცხადებით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა სამართლებრივი საფუძვლით და რა ფორმით გამოიყენებოდა შესაბამისი საშუალებები საპროტესტო აქციების დროს.