"ყაველაშვილი ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად დიპლომის არქონის გამო ვერ დაარეგისტრირეს" - Palitra News

"ყაველაშვილი ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად დიპლომის არქონის გამო ვერ დაარეგისტრირეს"

2016-08-16 11:07:23+04:00
ძალიან სამწუხაროა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ამდენი კვალიფიკაციით შეუსაბამო ადამიანი დაასახელა თბილისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. "მაგალითად, ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც რამდენიმე თვის წინ ფეხბურთის ფედერაციაში პრეზიდენტის არჩევნების დროს ვერ დაარეგისტრირეს პრეზიდენტობის კანდიდატად, ვინაიდან მას არ ჰქონდა უმაღლესი განათლების დიპლომი. თუკი ფეხბურთის მართვას სჭირდება უმაღლესი განათლება, ქვეყნის მართვას არ სჭირდება? ეს არის მართლაც მთელი თბილისის დაცინვა. ასევე, ლევან კობიაშვილი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იქამდე, სანამ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი არ გახდა, იკადრა უკადრებელი, წამალიც კი ჩაადებინა, კაცი დააჭერინა რეალურად, რომ გამხდარიყო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. ასეთი ადამიანებით "ქართული ოცნება" პარლამენტარიზმის მთელ არსს აუფასურებს და ამიტომაც არის, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს უკეთესი ხვალინდელი დღის რწმენა აქვს დაკარგული, ვინაიდან მსგავსი ადამიანები არიან არჩევნებში ჩართულები", - განაცხადა ნიკა მელიამ.