ლაურა ღაჭავას ადვოკატი ბიზნესმენისთვის შეფარდებული ნახევარმილიონიანი გირაოს უზრუნველყოფაზე განმარტებას აკეთებს. როგორც ადვოკატი კობა ამბარდნიშვილი ამბობს, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემდეგ ლაურა ღაჭავას ახლობლები და მეგობრები თავად დაუკავშირდნენ და გირაოს უზრუნველყოფაში საკუთარი ქონების ჩადება შესთავაზეს. ადვოკატი ამბობს, რომ ბიზნესმენი ამ შემოთავაზებას დათანხმდება. კობა ამბარდნიშვილის ინფორმაციით დაცვის მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც ლაურა ღაჭავას აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარიანი გირაო შეეფარდა არ გაასაჩივრებენ. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას გირაოს შეფარდების გარდა წინასწარი შეთანხმების გარეშე საზღვრის კვეთის აკრძალვაც დაუწესა. ლაურა ღაჭავას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ღაჭავას მიერ გამოყენებული ყალბი აქტივის ოდენობა და სახელმწიფოსთვის მიყენებული, ამ ეტაპზე დადგენილი ზიანი 2 160 955 ლარს შეადგენს.