თბილისიდან გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლე საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა. ლეილა მუსტაფაევა ავლაბრის სასახლეში ადვოკატთან ერთად მივიდა. მხარეებმა აფგან მუხთარლის გატაცების საქმეში საქართველოს როლისა და გამოძიების მიმდინარეობის დეტალები განიხილეს, რომლითაც ჟურნალისტის ოჯახი უკმაყოფილოა.ლეილა მუსტაფაევამ განაცხადა, რომ მადლობას უხდის გიორგი მარგველაშვილს მისი მეუღლის საკითხით დაინტერესებისთვის, რაც სხვა მაღალჩინოსნებმა არ გააკეთეს. როგორც მან აღნიშნა, ქართველი სამართალდამცველების მიერ აფგან მუხთარლის საქმის გამოძიების გაჭიანურება, კიდევ უფრო ამყარებს იმის ეჭვს, რომ საქმეში საქართველოს სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები და მაღალჩინოსნები არიან გარეული.