აფხაზეთის დე ფაქტო სტრუქტურებმა - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სტანდარტების, სამომხმარებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო კომიტეტმა 93 კრიპტომაინინგ აპარატი ამოიღეს. ამასთან, დე ფაქტო სამართალამცველებმა გამოავლინეს და დალუქეს მაინინგ-აპარატურის სარემონტო საამქრო.
„აფსნიპრესის“ ინფორმაციით, კრიპტოვალუტის მაინინგ მოწყობილობების მფლობელებზე ადმინისტრაციული ოქმები შედგა. დე ფაქტო სამართალდამცველები ამჟამად სარემონტო საამქროს მეპატრონეებს ეძებენ.
აფხაზეთში 16 ნოემბრიდან ელექტროენერგიის შეზღუდვების ახალი გრაფიკი მოქმედებს და ღამის 12:სთ-დან დილის 7 საათამდე პერიოდში ყველა ქვესადგური რიგ-რიგობით ითიშება. აფხაზური „ჩერნომორენერგო“ ამის მიზეზად მაგისტრალურ ხაზებზე, „შეშელეთი-1-სა“ და „აჩგუარაზე“ გაზრდილ დატვირთვას ასახელებს. ვითარება კიდევ უფრო გაართულა „ბაგმარან-1-ის“ ხაზზე ახლახან მომხდარმა ავარიამ, რაც ენერგოსისტემაში გაზრდილი მოხმარების გამო, მისმა გადატვირთვამ გამოიწვია.
„ჩერნომორენერგოში“ აღიარებენ, რომ სიცივეებით გამოწვეული მოხმარების ბუნებრივი ზრდის გარდა, ძირითად პრობლემას კრიპტოვალუტის უკანონო მაინინგი წარმოადგენს.