21 წლის ქართველი მორაგბის გელა აფრასიძის ლელო საფრანგეთის TOP 14-ის გასული ტურის ტოპ-ხუთეულში მოხვდა. ამასთან, ქართველი 9 ნომერი და ბორჯღალოსანთა კიდევ ერთი წევრი ბექა გიგაშვილი მე-11 ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. მონპელიეში მოთამაშე აფრასიძემ თავი რასინგთან გასვლით შეხვედრაში გამოიჩინა, რომელიც მისმა გუნდმა 25:29 წააგო. გელა სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და TOP 14-ში მისთვის სადებიუტო ლელო კი მე-15 წუთზე ლამაზი გარღვევის შემდეგ დადო. მე-11 ტურის სიმბოლურ ხუთეულში აფრასიძის ლელო მე-3 ადგილზე გავიდა და მას მხოლოდ ჟოფრი პალისმა (კასტრი) და არტურ ბონევალმა (ტულუზა) აჯობეს. ძალიან ნაყოფიერად გაისარჯა 27 წლის გიგაშვილიც, რომელმაც ტულონს კი მიმდინარე სეზონის სტარტზე მიაშურა და ახალი გუნდის მაისურით ასევე პირველი ლელო დადო.