„საქართველოს ეროვნული ავიაკომპანიის „აირზენას“ შესაძენად უკვე არის დაინტერესება ჩინური და არაბული კომპანიის მხრიდან“. ამის შესახებ „ჯორჯიან ეარვეისის“ ყოფილმა დირექტორმა, „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯის“ დამფუძნებელმა რომან ბოკერიამ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელშეკრულებით არაბული კომპანიის დასახელება არ შეუძლია, რაც შეეხება ჩინურ მხარეს, ბოკერიას თქმით, „აირზენას“ შეძენით სინჩუანის პროვინციის ავიაკომპანია - „სინჩუან ეარლაინი“ არის დაინტერესებული.
შეგახსენებთ, რომ „ჯორჯიან ეარვეისი“ 150 მლნ დოლარად იყიდება. ცნობისთვის, გასული წლის მიწურულს ავიაკომპანიის გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაც დაიწყო. როგორც სასამართლოს განჩინებაშია აღნიშნული, საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით განპირობებულმა მოვლენებმა შპს „ჯორჯიან ეარვეისი“ ფინანსური კრიზისის წინაშე დააყენა.
ქართული ავიაკომპანიისთვის ინვესტორს ქართულ-ამერიკული Georgian Business Brokerage ეძებს, რომლის დამფუძნებელიც „ჯორჯიან ეარვეისის“ ყოფილი გენერალური დირექტორი რომან ბოკერიაა.