ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები 63 წლის ჯუმბერ მილაძე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მძიმე იყო, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანისას გზაში გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მილაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე გართულდა, თუმცა, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მისი ოჯახის წევრებს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის და სათანადო სამედიცინო სერვისებით სარგებლობის უფლება თავდაპირველად არ მისცეს.
წყაროს ინფორმაციით, დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა მხოლოდ გუშინ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ წითელი ჯვრის მეშვეობით, პაციენტის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ გადმოყვანა მომხდარიყო. მილაძე სასწრაფო დახმარების მანქანაში, დღეს, გზაში დაიღუპა.