კლიმატი და მისი მკვეთრი ცვლილება განსაკუთრებულად მოქმედებს ბავშვის ჯანმრთელობაზე, აუმჯობესებს ან აუარესებს ზოგად მდგომარეობას ან უკვე არსებული ქრონიკული დაავადებების მიმდინარეობას. დიდი ხანია კლიმატს ბავშვთა მკურნალობის არსენალში ძირითადი ადგილი აქვს განკუთვნილი, რომლის საშუალებითაც, წამლების გარეშე, ხდება ბავშვის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.თუმცა არსებობს ისეთი მცნება, როგორიცაა აკლიმატიზაცია - კლიმატის ცვლილებისას ორგანიზმის განსაკუთრებული, გარდამავალი მდგომარება, რომლის გადატანაც ზოგჯერ მარტივი არაა. კლიმატი აქტიურად მოქმედებს არა მარტო ბავშვის ჯანმრთელობაზე, არამედ მის ზოგად მდგომარეობასა და განწყობაზე.კლიმატის მკვეთრმა ცვლილებამ შეიძლება როგორც სამკურნალო ეფექტი მოახდინს, ისე ზიანის მომტანი აღმოჩნდეს, რაც მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული.ცივი კლიმატი ორგანიზმისგან ცხოველმყოფელობის შესანარჩუნებლად, დიდ ენერგეტიკულ დანახარჯს მოითხოვს, ხოლო სიცხისას შეიძლება სხეულის გადახურების გამო მოხდეს გაუწყლოება ან სითბური დარტყმა. ამიტომ კლიმატის ცვლილებას პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ. კლიმატის ცვლილება და მისი ზემოქმედება ბავშვების მკურნალობაში დიდი ხანია გამოიყენება. გარემოს, ამინდის პირობების, მზის სინათლისა და ტენიანობის ცვლილება დადებითად მოქმედებს ნერვული სისტემის, გულისა და სისხლძარღვების მუშაობაზე, ასტაბილურებს შინაგანი ორგანოებისა და ენდოკრინული სისტემის მუშაობას, აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ ძალებს. კლიმატის ხანმოკლე ცვლილებაც კი მნიშვნელოვნად მოქმედებს ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე. მთავარია სწორად შეირჩეს კლიმატოთერაპიის ძირითადი ფაქტორები.ბავშვების მკურნალობაში აქტიურად გამოიყენება ჰაერი, წყალი და მზის სინათლე. ზღვაში ბანაობასა და ჰაერის აბაზანებს გამაკაჟებელი ეფექტი აქვს, დოზირებული ულტრაიისფერი გამოსხივება ორგანიზმს D ვიტამინის დამატებით პორციას აწვდის, რაც აუცილებელია ნივთიერებათა ცვლის აქტივაციისა და ორგანიზმის დამცველობითი ძალების სტიმულაციისთვის. კურორტზე ბავშვის ყოფნის ოპტიმალური ვადაა ოთხი კვირაა, ამაზე ნაკლები პერიოდი ორგანიზმს კლიმატის ცვლილებასთან შეგუების საშუალებას არ იძლევა და განსაკუთრებული დადებითი ეფექტიც არ აღინიშნება.მძიმე ქრონიკული პათოლოგიებისას, თერაპიის ხანგრძლივობა 2-3 თვეზე ნაკლები არ უნდა იყოს.აკლიმატიზაციის სირთულეების გათვალისწინებით, არაა რკომენდებული სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კლიმატის რადიკალური ცვლილება.