თევზი ძალიან სასარგებლო პროდუქტია, ის სასარგებლო თვისებებს ინარჩუნებს დაკონსერვების შემთხვევაშიც, თუმცა მასში შებოლვის შემდეგ წარმოქმნილი ბენზპირენი, იმდენად სახიფათოა, რომ დანარჩენ სასარგებლო თვისებებს ანეიტრალებს. ალბათ ყველას გაგისინჯავთ შპროტი. მისი მომზადების ტექნოლოგია შემდეგნაირია. მწკრივად აცმულ თევზებს რეცხავენ და ღუმელში ათავსებენ, სადაც თევზები ჯერ 10 წუთის განმავლობაში ცხელი ჰაერის ნაკადით შრება, შემდეგ 10 წუთის მანძილზე იხარშება და ამის შემდეგ 15 წუთის განმავლობაში კვამლით იბოლება. გაგრილებულ და შებოლილ თევზებს თავებს აჭრიან და ლამაზად ათავსებენ ქილებში, სადაც მას მარილი და მზესუმზირის ზეთი ემატება. მხოლოდ ამ პროცედურების გავლის შემდეგ ხდება შპროტის დაკონსერვება. შპროტი ყველაზე გემრიელი თევზის კონსერვია, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ის იბოლება, ყველაზე სახიფათო კონსერვის სახეობად შეიძლება ჩაითვალოს. მისი ზეთიც განსაკუთრებით გემრიელია. გავრცელებულია აზრი, რომ შპროტის ზეთში მეტი ბენზპირენია, ვიდრე თავად თევზში, თუმცა ლაბორატორიული კვლევებით აღნიშნული ფაქტი არ დადასტურდა. ასე რომ თუ შპროტს მიირთმევთ, შეგიძლიათ მასთან ერთად ის ცხიმიც მიირთვათ, რომელშიც მოთავსებულია ის, უბრალოდ აღნიშნული პროდუქტი ძალიან იშვიათად უნდა მიიღოთ, მასში არსებული ბენზპირენის გამო.