თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი, რომელიც არჩევნების წინასწარი მონაცემებით მეორე ადგილზეა, აცხადებს, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. როგორც ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის კვლავ განაგრძობს დედაქალაქზე ზრუნვას ორგანიზაცია „თბილისის ჰამქრის“ მეშვეობით.ამასთან, ალეკო ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ საკუთარ გუნდთან ერთად, მარტომ დააფუძნოს პარტია, სხვა პარტიებთან გაერთიანებას კი, გამორიცხავს. ელისაშვილი პარტიის შექმნის სავარაუდო თარიღს არ ასახელებს. ჟურნალისტების კითხვის პასუხად, ელისაშვილმა განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობას არ აპირებს, თუმცა მზადაა, მომავალ მერს კახა კალაძეს საკუთარი წინასაარჩევნო პროექტები განსახორციელებლად გადასცეს.